საპატრიარქო - თანამედროვე საბჭოთა სისტემის მოდელი?


თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ქვეყნის განვითარებასა და პოლიტიკურ კურსზე


ნათია გიგატაძე

დღეს საქართველოს საპატრიარქო ღიად ანტი-დასავლური რელიგიური ინსტიტუტია. სასულიერო პირები საჯაროდ ეწევიან დასავლეთის დემონიზებას და მისი როგორც საქართველოს და ეროვნული თვითმყოფადობის მტრად წარმოჩენას. აღნიშნული პროპაგანდა ყოველთვის შეიძლება ამოვიცნოთ ერთი და იგივე თემებზე ხაზგასმული მანიპულირებით - ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებებით და გარკვეული ჯგუფის დომინანტად, აღმატებულად წარმოჩენაში. საპირისპირო აზრის დაფიქსირებისას კი მათ მიერ გამოვლენილი აგრესიით და მუქარით.

აღნიშნული ნარატივი საქართველოში ნიადაგს ქმნის უამრავი შიდა კონფლიქტის და დაპირისპირების გაღვივებისთვის, რაც რუსეთის მიზნებისთვის მომგებიანია და მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დასავლეთზე და სხვადასხვა უმცირესობებზე ცრუ კონსპირაციების და საფრთხეების წინ წამოწევით, ყურადღების კონცენტრაცია არასწორ საკითხებზე ხდება, ისადგურებს უნდობლობა, ყალბდება რეალური ისტორია, ქვეყნის მტერი ერთადერთ იმედად პოზიცინირდება და ფერხდება ევროინტეგრაციისაკენ სწრაფვა და განვითარება. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რომელიც ჯერ ისევ ფორმირების პროცესშია.
რუსული ნარატივები საპატრიარქოში

„ევროპა და ამერიკა უმცირესობებს თავს გვახვევენ“ ნარატივი საპატრიარქოს ერთ-ერთი საყვარელი თემატიკაა ქართულ საზოგადოებაზე მანიპულირებისთვის. სასულიერო პირები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი საზოგადოება ამას არამხოლოდ სიტყვით ადასტურებენ. უმცირესობების წინააღმდეგ უამრავი აქცია დაიგეგმა რომელიც ძალადობაში გადაიზარდა, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია 2013 წლის 17 მაისი: რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მართლმადიდებელი სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი და მათ მიერ ორგანიზებული ჭინჭრით შეიარაღებული მრევლი ფიზიკურად გაუსწორდა, რამაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლა გამოიწვია. პატრიარქმა არათუ დაგმო ძალადობა, არამედ საპირწონედ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე -17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რაც თავისთავად ზრდიდა ამ პერიოდში აგრესიული დაპირსპირებების რისკს. 2014 წელს, საპატრიარქო აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “კანონის განხილვასა და რედაქტირებაში. პატრიარქის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ისედაც იცავდა ყველა ადამიანის უფლებას და საჭირო არ იყო ზედმეტი ვნებათაღელვის გამოწვევა. ამასთანავე, დეკანოზი დავით ისაკაძე დაემუქრა კომიტეტის წევრებს: კანონის მიღების შემთხვევაში საპატრიარქო რელიგიურ სანქციებს დააწესებდა.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მამა იობი
“სავალუტო ფონდი საქართველოს 3,5 მლრდ დოლარით ეხმარება, ეხმარება ასევე ქვეყანას ევროკავშირიც: რის ხარჯზე ყველაფერი ნათელია, ებრძვიან ეკლესიას.”
მამა ვახტანგ თოხაძე
"ვინც საქართველოს ისტორია და ქართველი კაცის მრწამსი იცის მისთვის ნათელია. ნატო საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის აღმართული კედელი იქნება. კედელი რომელიც საქართველოს ახოცავს ამა ქვეყნიდან... ამ ტერიტორიაზე იცხოვრებენ ადამიანები ოღონდ არა ქართველები"
მამა გრიგოლ მეზვრიშვილი
„ერთადერთი ძალა, რომელმაც აგვისტოს ომში გაიმარჯვა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო"

განსხვავებულის დემონიზაცია
მსგავსი დომინანტური რელიგიური სისტემებისგან დამოუკიდებლად დგომა ავტომატურად აღიქმება საფრთხედ, ყველა განსხვავებული ადამიანი „ჰარმონიის“ პოტენციური დამრღვევია და ეროვნული თვითმყოფადობის მტრად აღიქმება. შესაბამისად, აქტიურად იწყება უმცირესობათა ჯგუფების შეფარვით თუ ღიად დისკრედიტაცია და ჩაგვრა, ეს ყველაფერი კი ოდითგანვე ავტორიტარული რეჟიმის უმთავრესი შტრიხი იყო, რომლის იდეალური თანამედროვე სახე რუსეთის ფედერაციაა.
"განსხვავებული და გარყვნილი" დასავლეთის მიმართ შიშების გაღვივების საქმიანობას საპატრიარქოს სასულიერო პირების ნაწილი წარმატებით ეწევა. მსგავსი პროპაგანდა დიდ უნდობლობას წარმოქმნის, შესაბამისად, მრევლს რომელსაც არ უნდა „ქართველობა წაართვან“ ერთადერთ თავშესაფრად ეკლესიას მიიჩნევს.
მსგავსი პროპაგანდით რუსეთიც ცდილობს ქრისტიანული მორალის მცველად და მსოფლიოში გავრცელებული გარყვნილების შემაკავებლად მოგვევლინოს, რაც დიდ მოწონებას იმსახურებს საქართველოს საპატრიარქოსა და მრევლში, რომლებიც ერთმორწმუნე ძმების იდეალიზებით არიან დაკავებულნი. დასავლეთის დემონიზება და საფრთხედ წარმოჩენა, ერთადერთ მხსნელად მოვლინება და ხალხზე ემოციური მანიპულაცია - ეს რუსეთის რბილი ძალაა და მისი საგარეო პოლიტიკის უდიდესი ნაწილს წარმოადგენს.
დეკანოზი დავით ქვლივიძე
„რუსეთში გაიხედე: მამათმავლობა აკრძალულია, იეღოვას მოწმეებს
პასუხს სთხოვენ, ვისაც უნდა... ვერ ქადაგებს, ამიტომ უნდა ხალხს, რუსები კი არ უნდა, ის მდგომარეობაუნდა, რაც იმ ქვეყანაშია"
მამა გიორგი რაზმაძე
"ხელისუფლებას დავალებული აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, მამათმავლებს ორგიები ჩაატარებინოს. აი, მერე ნახეთ დაჭერები და ეკლესიასთან ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ესენი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დავალება პირნათლად შეასრულონ და დასავლელი პატრონები უკმაყოფილო არ დატოვონ"
დეკანოზი დავით ისაკაძე
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ნებისმიერ კონფლიქტში წესად აქციეს სხვა დენომინაციებთან მიმართებაში მართლმადიდებლების, ხოლო სხვა ერების წინაშე ქართველების გამტყუნება!"

სასულიერო პირთა განცხადებები და ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ მხარს უჭერს საქართველოში ულტრა-მემარჯვენე, ნეონაცისტური გაერთიანებების წარმოქმნას და აღზევებას, საზოგადოების დაყოფასა და აგრესიას, რაც რუსეთის ნარატივს აძლიერებს და მის პოლიტიკურ მიზნებს ბევრად უფრო ხელშესახებს ხდის. მსგავსი რადიკალური დაჯგუფებები ეროვნულობის დამცველებად გვევლინებიან, როცა სინამდვილეში მათ საქმიანობას მხოლოდ ანტიეროვნული შედეგების გამოწვევა შეუძლია.


უახლესი დაპირისპირება 2019 წლის ნოემბერში, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის პრემიერას მოჰყვა - ფილმი ორ ქართველ მოცეკვავე მამაკაცზე და მათ რომანტიულ ურთიერთობაზეა.ფილმის პრემიერის დღეს, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დემონსტრატებმა ფილმის აკრძალვა მოითხოვეს, აქტივისტებზე იძალადეს და ამ აგრესიული პროტესტის პარალელურად, აქციაზე მყოფი სასულიერო პირები ლოცვას აღავლენდნენ, დასავლეთიდან შემოგდებული გარყვნილებისა და სექსუალური უმცირესობების გაქრობის იმედით. საპატრიარქომ განცხადება ფილმის პრემიერამდე გაავრცელა სადაც ძალადობას გაემიჯნა, თუმცა ჰომოფობიური გზავნილი მაინც გაჟღერდა:
"რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში, მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მით უმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება” - ეს განცხადება კი მრევლის გარკვეული ნაწილისათვის წამახალისებელი აღმოჩნდა და ფილმის პრემიერის ჩაშლა დაგეგმეს.

ახლო წარსულზე დაკვირვების შედეგად, ვამჩნევთ ტენდენციას, რომ საბჭოთა ტოტალიტარიზმის დამახასიათებელი ნიშნები და განსხვავებულის მიუღებლობა წარსულში არ დარჩენილა და დღესაც პოულობს თავშესაფარს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. წითელი რეჟიმის მეთოდები აქტიურად ცირკულირებს რელიგიურ ინსტიტუციაში და გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, სადაც ამ ინსტიტუციას მოსახლეობის უმრავლესობა უპირობოდ ენდობა. აღსანიშნავია რომ საპატრიარქო არასოდეს გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას რადიკალური ჯგუფების მიმართ და შეიძლება ითქვას მათ მფარველად იქცა, რაც თავისთავად ავტორიტარულ იდეოლოგიურ თანხვედრას და მათი პოზიციის გაზიარებას ნიშნავს.

რუსუდან გოცირიძე
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
"რელიგიურ ინსტიტუციას ნამვილად შეუძლია ტოტალიტარული რეჟიმის დამახასიათებელი თვისებები გამოავლინოს.. არამარტო გამოავლინოს უნებლიედ, არამედ ეს გაამართლოს საღრმთო წერილით. ამის საშუალებას განსაკუთრებულად ძველი აღთქმა იძლევა, ასევე თუ ძალიან მოიწადინებენ ახალი აღთქმაც.. საღვთო წერილი გავს ჭას: გაბრაზებული კაცი ჩაიხედავს და დაინახავს გაბრაზებული კაცის ანარეკლს, ბედნიერი კაცი დაინახავს ბედნიერ კაცს.. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ახსნა სწორედ ის არის რომ, არათუ ღმერთია ტოტალიტარული მმართველი, არამედ ტოტალიტარულ რეჟიმს აგებენ ადამიანები"
შესაძლებელია თუ არა რომ რელიგიურმა ინსტიტუციამ ტოტალიტარული სისტემის თვისებები შეითავსოს?
"პუტინი თბილი და ბრძენი პიროვნებაა" - ილია II
"მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო"
ილია II
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
როგორც ვხედავთ, სისტემური მსგავსება ნამდვილად არაა შემთხვევითი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმსა და საპატრიარქოს შორის, არც ანტი-დასავლური პროპაგანდა. ამ ორ სისტემას შორის კავშირი პირდაპირი და მყარია: საპატრიარქო რუსეთის ინტერესებს ატარებს და სასტიკ ომსაც კი შეუძლია მოუძებნოს გამართლება. ამ პოზიციის გამოვლენის უახლესი შემთხვევა საქართველოში რუსული დელეგაციისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, დუმის კომუნისტური პარტიის წევრის -სერგეი გავრილოვის ვიზიტი იყო 2019 წელს. გავრილოვი პატივით მიიღეს სასულიერო პირებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა. სერგეი პარლამენტის თავჯდომარის სკამში ჩაჯდა და განაცხადა: „საქართველოსა და რუსეთს ძმური მართლმადიდებლური კავშირები აერთიანებთ“; საბოლოოდ კი იგი პარლამენტიდან ოპოზიციურმა ძალებმა გააძევეს და ამ ვიზიტს საქართველოში ანტისაოკუპაციო პროტესტთა დიდი ტალღა მოჰყვა; არ დაუყოვნებია კონტრაქციასაც, რომელიც სწორედ იმ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა გამართეს, რომელთაც საპატრიარქო მფარველობს. მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მწუხარება გამოთქვა დაზარალებულების გამო, თუმცა სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და ოკუპაციაზე პოზიცია არ დაფიქსირებულა.
თემაზე კომენტარისთვის ბატონ ბასილ კობახიძეს დავუკავშირდი:
"პატრიარქი და ეკლესია ეფექტურად ნერგავენ „ერთმორწმუნე“ რუსეთის იდეას, რომლის არსებობაც ახანგრძლივებს ანტიქრისტეს გაბატონებას. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დაწყებული იქიდან რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიის მიერ დაშენილი ბომბები ქართველი ხალხისათვის სასარგებლო იყო, რათა მათ დააბრკოლეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება; როგორც უფროსი ძმა წაუთაქებს ხოლმე უმცროსს, რათა ჭკუა ასწავლოს, ასე წაგვითაქა რუსეთმა, როცა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ ჭკუა ვისწავლოთ და უარი ვთქვათ დასავლეთთან ინტეგრაციაზე; ვინც რუსეთის მტერია, ის მართლმადიდებლობას ებრძვის; მირჩევნია რუსეთის მონა ვიყო, ვიდრე ამერიკის, და ა.შ. ამგვარი ქადაგებები პირდაპირაა წახალისებული პატრიარქის და ეპისკოპოსების მიერ"
18.08.20

ბასილ კობახიძე
თეოლოგი
წლების განმავლობაში მოხვეჭილმა მატერიალურმა ბერკეტებმა, ხალხის უპირობო ნდომამ და სახელმწიფოს მიერ გაზრდილმა ლეგიტიმაციამ, საქართველოში მეორე სახელმწიფო აღმოაცენა, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური საპატრიარქოს სახელით ვიცნობთ. ამ რელიგიურ ინსტიტუციას არ დაესმის კითხვის ნიშნები და არ ექვემდებარება კრიტიკას, რაც თავისთავად უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობებისთვის.

მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი
„პატრიარქი როგორ შეცდებოდა კანონიკურად? პატრიარქს ვერ შეეშლება, რადგან მოციქულია. მოციქულმა შეიძლება ახალი კანონებიც დაადგინოს“


მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
"ჩვენ გვყავს ცოცხალი წმინდანი-ეს არის ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი ილია II"


მიტროპოლიტი შიო მუჯირი
"ამ ეკლესიის ყველა ბალახის შრიალში ილია შიოლაშვილია. ყველა ვინც ადამიანის სამსახურში დგას, დიაკვნიდან მეუფის ჩათვლით, ყველგან ილიაა"
ავტორიტარული სისტემა
&
პიროვნების კულტი

ისევე როგორც ნებისმიერ ავტორიტარულ სისტემას, საქართველოში კრემლის გავლენით ჩამოყალიბებულ შიდა სახელმწიფოსაც აქვს საჭიროება ჰყავდეს მეთაური, რომელიც საბჭოთა ლიდერების მსგავსად, კულტად და ერის მამად იქცევა, რათა გავლენა მოახდინოს დიქტატურის ქვეშ მყოფი ხალხის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გააღვივოს ფანატიზმი და პოზიცინირდეს როგორც ერთადერთი, საკრალური გზა გადარჩენისკენ.
შეუძლებელია არ გავავლოთ პარალელები ილია მეორეს პიროვნების მიმართ ფატანიზმსა და სტალინის კულტს შორის, რომლის კულტივირება საბჭოთა რეჟიმის დროს აქტიურად ხდებოდა და შედეგებს დღემდე ვამჩნევთ, რადგან საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილი სტალინის პიროვნებას განადიდებს და პატივს სცემს, მათ შორის სასულიერო პირები. იგივე მეთოდს იყენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ის ასევე მონდომებით ცდილობს შექმნას მისი პიროვნების კულტი, რაც ზოგადად ავტორიტარული რეჟიმის, რუსული იმპერიალიზმისა და მარადიული უძლეველობის მითის გამოძახილია. ეს ხალხთა მასებზე ზემოქმედების კიდევ ერთი ძლიერი იარაღია კრემლისა, რომლის მოდელს ასე ზუსტად იმეორებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

ამ კიდევ ერთი ნათელი პარალელიდან გამომდინარე - უნდა ვიფიქროთ თუ არა რომ ეკლესია საბჭოთა კავშირის მინი მოდელად იქცა?
ქრისტიანობა და ავტორიტარიანიზმი ერთმანეთს არსობრივად რადიკალურად ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება ეს კითხვა აბსურდულად მოგვაჩვენოს, თუმცა რეალობაა ის რომ ამ ორი იდეოლოგიის შერწყმა მოხერხდა და მომგებიანი აღმოჩნდა იმ იერარქიული სისტემისთვის, რომლის სათავეშიც უპირობო ავტორიტარული ლიდერი დგას - პატრიარქი. ხალხი მას თვალდახუჭული ენდობა, მისი პიროვნება საკრალურია და მისტიკით მოცული, ის ერთადერთ ხსნის გზად მოიაზრება და "ბოლო ჟამის" პატრიარქადაც კი მოიხსენიებენ, ეს კი ერთდროულად დიდ შიშსა და აღფრთოვანებას იწვევს რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ მასაზე. მსგავსი მიდგომა ბუნებრივია არ ტოვებს სივრცეს კრიტიკისა თუ ალტერნატიული აზრისთვის. არც მაშინ, როდესაც საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ საქართველოს მოქალაქის ჯიბიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება; ხალხის მხრიდან გასაკვირი არ უნდა იყოს გაცემული რესურსების მუდმივი მონიტორინგი, კითხვების დასმა და ფაქტების გამოთხოვა, რაც ესოდენ შეურაცხმყოფელია იმ ინსტიტუციისთვის რომელმაც „უკეთ იცის“ და პირად კონსულტაციებს ღმერთთანაც კი მართავს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ისტორიის გაყალბების და ფაქტების დამახინჯების ან სრულად შეცვლის შემთხვევები რუსულ ნარატივში ხშირია, რაც კიდევ ერთ პარალელს ავლებს ილია მეორის პიროვნებასთან და იმასთან თუ რეალურად რა ცოტა ვიცით მისი პიროვნების შესახებ. ჩემი თაობის ადამიანს, რომელიც 90-იანი წლების მიწურულს დაიბადა, პატრიარქზე მხოლოდ როგორც ზღაპრის კეთილ პერსონაჟზე მახსენდება ცნობები, სადღეგრძელოებთან და ემოციურ მიმართვებთან ერთად. ფაქტია რომ კოლექტიურად მოხდა სხვადასხვა გარემოებების დავიწყება რასაც ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება მიაკვლიოს. მათ შორის: ილია მეორის პატრიარქად კურთხევამდელი გარემოებები, მისი განათლების და მოგზაურობის ისტორიები და კურთხევის შემდგომ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები. თითქოს ერის უმეტესობამ ერთად გადაწყვიტა თვალი დაეხუჭა ილია მეორის წარსულსა და ქმედებებზე აწმყოში, რაც თვალშისაცემად რუსეთის დიდი სტრატეგიის ნაწილად იკვეთება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი აქტიურად აკრიტიკებდა და ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის მიწურულს ჩამოყალიბებულ ეროვნულ მოძრაობებს და ზვიად გამსახურდიას პერსონის დისკრედიტაციით იყო დაკავებული, კრემლში გაგზავნილი საჩივრების მეშვეობით. მიუხედავად ამ და სხვა ფაქტებისა, რელიგიური ფანატიზმითა და კულტის განდიდებით შეპყრობილი მრევლი, ილია II-ს ცოცხალ წმინდანად მიიჩნევს.
"რელიგიური ფანატიზმი განსაკუთრებით აზიანებს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, მის ფსიქიკას, რასაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს მის ოჯახურ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. ამ იდეოლოგიურმა ინდოქტრინაციამ და შეიძლება ითქვას, ზომბირებამ, რომელიც მომდინარეობს ღვთაებრივად მიჩნეული ინსტიტუციისაგან, რომლის მეთაურიც არის საქართველოში ყველაზე რეიტინგული პიროვნება პატრიარქი ილია მეორე, შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს საზოგადოებისათვის, დაანგრიოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სტრუქტურა"
18.08.20


ბასილ კობახიძე
თეოლოგი
ილია II და პრორუსული ნაბიჯები - საბჭოთა კავშირიდან დღემდე


მოვლენების ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ აქ
მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, უნდა გვახსოვდეს რომ ილია მეორე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. შეუძლებელია გამოგვრჩეს მისი ჩართულობა სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, არჩევნების წინ დალოცვა და პოლიტიკოსების მიერ „პატრიარქის ეფექტის“ გამოყენება, ხალხის თვალში რეპუტაციის ასამაღლებლად. საპატრიარქოს გავლენა იმდენად დიდია, მოსახლეობის გარკვეული ნაწილს შეუძლია არც კი მოუხმოს საკუთარ ანალიტიკურ შეფასებებს და არჩევნებზე იმ პარტიას დაუჭიროს მხარი, ვისკენაც საპატრიარქო პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებს. მსგავსი პრაქტიკა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და აზიანებს დემოკრატიულ, სეკულარულ სახელმწიფოს.

"დამნაშავეები არიან ქართული პოლიტიკური კლასი და მთლიანად საზოგადოება, რომელთაც დაუშვეს ეკლესიის ამგვარი გაბატონება და პატრიარქისა და სასულიერო პირების გაფეტიშება. საპატრიარქოს არ ქონდა და არა აქვს იმისი ინტელექტუალური უნარები, რომ მხოლოდ თავისი ძალებით მიეღწია ასეთი უმაღლესი სტატუსისათვის. მოახლოებული არჩევნების ფონზე ვხედავთ რომ პოლიტიკოსები აგრძელებენ ეკლესიასთან კეკლუცობას და მის უხვ დაფინანსებას"
18.08.20

ბასილ კობახიძე
თეოლოგი
ამ სტატიაში გამოთქმულ აზრებს რა თქმა უნდა ბევრ არგუმენტს დაუპირისპირებენ და მათ შორის ყველაზე ხშირად გაჟღერებულზე, ავტოკეფალიის მოპოვებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ხშირად გვესმის რომ ილია მეორის დამსახურებით, აღდგა ავტოკეფალია, შეივსო ეკლესიები და სასულიერო პირების რაოდენობამ იმატა. რასაკვირველია, საბჭოთა რელიგიური შეუწყნარებლობის შემდეგ, გაზრდილი ინტერესი ეკლესიის მიმართ ბუნებრივი იყო, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, განა მხოლოდ ფურცელზე მოპოვებული ავტოკეფალია განსაზღვრავს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას და ათავისუფლებს მას გავლენებისგან?

რუსეთის პოლიტიკის საყრდენი საქართველოში იდეოლოგიური ომი და პოლარიზაციაა, რაც ზედმეტი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ეკლესიის გავლით, ეს ყველაფერი კი პრორუსულ განცხადებებში, ერთმორწმუნეთა მითის განმტკიცებაში, ისტორიის შეცვლის მცდელობებსა და ანტი-დასავლურ პროპაგანდაში გამოიხატება. საბჭოთა პერიოდში, ეკლესიისთვის მოჩვენებითი დამოუკიდებლობის მინიჭება, შეიძლება ითქვას მეტად სტრატეგიულად ჭკვიანური იყო, მიზნების უფრო მარტივად მისაღწევად და ხალხთა მასაზე ზემოქმედებისთვის. საბჭოთა რეჟიმმა ფესვები გაიდგა ეკლესიაში და მისი მსგავსი სისტემა შექმნა, ამ ყველაფერს კი ემატება დღევანდელი სახელმწიფოს ლეგიტიმაცია რაც იმავე სისტემას კვებავს და აძლიერებს.

რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არსებობენ სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ძირითად ნარატივებს და იდეოლოგიას ემიჯნებიან, პროტესტს გამოთქვავენ და ცდილობენ რელიგიური ინსტიტუციის უკეთესობისკენ ტრანსფორმაციას, თუმცა გასათვალისწინებელია რომ სისტემა მძლავრია, მასთან დაპირისპირება კი საკმაოდ რთული ან შეუძლებელი.

შედეგი ნათელია - დღეს ჩვენს წინაშეა პრორუსული რელიგიური ინსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოში სახელმწიფოდ გარდაიქმნა. სისტემა იმდენად მძლავრი და დიდია, მას ზიანს ვერაფერი აყენებს. ეს სიტუაცია შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უკიდურესობად, რომელსაც საზოგადოება ყოველთვის აგრესიის, უნდობლობისა და საბოლოოდ შიდა დაპირისპირებისკენ მიჰყავს, ეს კი საქართველოსთვის საკმაოდ ნაცნობი თემაა.

სახელმწიფო რომლის ოცი პროცენტი ოკუპირებულია და პრორუსული ძალა საზოგადოებას მოძღვრავს, გაუძლებს თუ არა დიდ შიდა დაპირისპირებას და რადიკალური უკიდურესობების მონაცვლეობას? - რა თქმა უნდა, ვერა. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს წითელ სისტემასთან. ამიტომ დროა, სხვადასხვა ჯგუფთა შორის ჯანსაღ დიალოგზე, ღიაობაზე და ერთიანი ძალისხმევით საქართველოდან რუსული ანტიდემოკრატიული გავლენების საბოლოოდ გაქრობაზე ვიფიქროთ.

© ნათია გიგატაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website